„რომა“ „ფეინოორდს“ შეხვდება, მოურინიოს უნიკალური მიღწევა

0
23

„რომამ“ კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად „ლესტერთან“ 1:1 დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ინგლისურ გუნდს მინიმალური ანგარიშით აჯობა და ფინალში გავიდა.
რომში გამართული დაპირისპირება მასპინძლებს ინგლისელმა ფორვარდმა ტეო აბრჰამმა მოაგებინა, რომელმაც ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე გაიტანა. „რომას“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ის პირველია, რომელმაც ევროთასების ფინალში 4 სხვადასხვა გუნდი გაიყვანა. მანამდე, მოურინიომ „პორტუსთან“ ერთად უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ მილანის „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ევროპის ლიგის თასი აღმართა. „რომა“ ევროთასების ფინალში 1991 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ, რომაელები უეფას თასის მოსაპოვებლად „ინტერს“ შეხვედნენ და 2 მატჩის ჯამში (0:2. 1:0) წააგეს.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში როტერდამის „ფეინოორდმა“ პირველ თამაშში შინ ფრანგულს „მარსელს“ 3:2 აჯობა, ხოლო მეორე თამაში უგოლოდ დასრულდა და არნე სლოტის გაწვრთნილი „ფეინოორდი“ 25 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გასამართ ფინალში „რომას“ შეხვდება.
„ფეინოორდი“ 2002 წლის შემდეგ პირველად ევროთასის მოსაპოვებლად იბრძოლებს. 20 წლის წინ ნიდერლანდელებმა უეფას თასისთვის გადამწყვეტ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიას“ 3:2 სძლიეს.