ევროპა ლიგის ფინალი: „აინტრახტი“ „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება

0
33

„გლაზგო რეინჯერსმა“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად „ლაიფციგთან“ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის მე-18 წუთზე შოტლანდიელებმა მარცხენა ფლანგიდან კონტრშეტევა განახორციელეს და კენტის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ტავერნიემ ანგარიში გახსნა – 1:0 . 24-ე წუთზე გლაზგოელთა მორიგი იერიშის დროს კამარამ საჯარიმოს გარედან „ცაციათი“ ბურთი შორეულ კუთხეში მოჭრა – 2:0. 70-ე წუთზე გერმანელთა შეტევის ლიდერმა ნკუნკუმ ერთი ბურთი გაქვითა და დამატებითი დროის დანიშვნის შანსი გაჩნდა. თუმცა, მე-80 წუთზე ლუნდსტრიომმა ლაიფციგელთა კარი აიღო და ნიდერლანდელი ჯოვანი ვან ბრონხორსტის გაწვრთნილი „რეინჯერსი“ არსებობის ისტორიაში მეორედ ევროპა ლიგის/უეფას თასი ფინალში ითამაშებს. გლაზგოელები პირველად ფინალში 2008 წელს გავიდნენ და რუსულ „ზენიტთან“ 0:2 წააგეს.
ფრანკფურტის „აინტრახტმა“ 1/2-ფინალში პირველ შეხვედრაში გასვლაზე ლონდონის „ვესტ ჰემს“ 2:1 აჯობეს, ხოლო საპასუხო თამაში 26-ე წუთზე ბორეს მიერ გატანილი გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგეს და 18 მაისს სევილიაში სტადიონ „სანჩეს პისხუანზე“ „რეინჯერსს“ შეხვდება.
“აინტრახტი” თავის ისტორიაში ევროთასების ფინალში მესამედ ითამაშებს. გერმანელები 1960 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში “რეალს” შეხვდნენ და 3:7 წააგეს. 1980 წელს ფრანკფურტელებმა უეფას თასის ფინალში მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” 2 თამაში ჯამში (2:3, 1:0) გაიმარჯვეს.