სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მატჩები გაიმართა ბათუმსა და ქუთაისში, სადაც წინა დღის მსგავსად მასპინძელმა გუნდებმა იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. შესაბამისად, “ქუთაისს” “რუსთავთან” ერთი მოგება აკლია, რომ ნახევარფინალში გავიდეს და ასევე “ბათუმი”, რომლის მეტოქეც “ვერა” გახლავთ.
ვერელებმა ამჯერადაც ვერაფერი დაუპირისპირეს აჭარულ გუნდს და 22 ქულის სხვაობით – 62:84 დამარცხდნენ. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი პლეი ოფში სტატისტის როლშია, რადგან დარჩენილი 2 ლეგიონერიდან ერთიც დაუშავდა. გუნდის ლიდერმა ქულებსა და მოხსნებში – ზაკ სელიასმა პლეი ოფის წინ ტრავმა მიიღო და “ვერას” ვერ ეხმარება.
ბათუმელებმა სერიის მეორე მატჩი ისე მოიგეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ აჭარულ გუნდს სერიის მომდევნო მატჩი თბილისში, 5 მაისს ელის და ეცდება, ნახევარფინალის საგზური ამ დღესვე გაინაღდოს.
აი, ქუთაისელებს კი ალბათ ძალიან გაუჭირდებათ სერიის მშრალად მოგება, რადგან დღეს კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. გუშინ უიმედოდ წაგებულმა რუსთაველებმა დღეს მასპინძელ “ქუთაისს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს. მათდა სამწუხაროდ, დამატებით დროში ქუთაისელთა დომინაცია აშკარა იყო და საბოლოოდ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა იმერულმა კლუბმა 102:89 გაიმარჯვა.
ქუთაისელებს 28 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 22 ქულა და 9 მოხსნა გიორგი კორსანტიას ანგარიშზე დაგროვდა. 24 ქულა სტივენ ფლეტჯერმა მიითვალა. “რუსთავში” შედეგიანი სტატისტიკა ჰქონდა ლუვეინ პიპკინს, რომელმაც 27 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
სერიის მომდევნო მატჩს რუსთაველები 5 მაისს უმასპინძლებენ.




