ჯანო ანანიძე: “საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარია”

0
74

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელმაც კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა, თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
ჯანო ანანიძე: “მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში” – ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არც განიხილებოდა. მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებში გატარებული თითოეული წუთი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა.
დღესაც არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მინდა, ბევრი რამ ავღნიშნო, ბევრი გავიხსენო და ბევრი მადლობა გითხრათ ყველას ერთად, ვინც ჩემი კარიერის მანძილზე, წარმატებისა და წარუმატებლობის დროსაც კი ჩემს გვერდში იდექით.
აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშუშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასოდეს დამიშურებია ძალა და ენერგია იმისათვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი და ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრების სიამოვნებისათვის და ეს თქვენი გვერდში დგომით ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი, მოვალე ვიქნები. ამ ყველაფრის წყალობით ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულიც მოვიპოვე, მაყურებლის ტაში და სიყვარულიც დავიმსახურე და საკუთარ თავზე ბევრჯერ შევიგრძენი ის გრძნობა, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეედრება. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან დამაკლდება, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე დროა.
მიმაჩნია, რომ ძალიან მძიმე საფეხბურთო კარიერა გავიარე და ამ გზაზე არანაკლები ემოცია, ბედნიერება, სიხარული და ტკივილი განიცადა ჩემი ოჯახის თითოეულმა წევრმა, რისთვისაც ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები მათი. თუმცა, ჩემი ცხოვრების მთავარი დასაყრდენი იყო ადამიანი, რომლის გარეშეც არავინ იცის, ვინ იქნებოდა, სად და რომელ სფეროში ჯანო ანანიძე. ყველაზე დიდი მეგობარი, გვერდში მდგომი, დამრიგებელი და იმედი. მაგრამ მამაჩემზე საერთოდ ცალკე სასაუბროა და ძალიან მალე, ბევრს ვიტყვი იმ კაცის შესახებ, რომლიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. დღეს კი უკვე დადგა დრო საფეხბურთო კარიერის დასრულების და თქვენთან დამშვიდობების. ეს ყველაზე რთული არჩევანია, თუმცა ეს არჩევანიც ისეთივე მართებულია, როგორც 16 წლის ასაკში მიღებული”.