გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ -King of the match მეორედ დაასახელეს. ვალენსიურ დერბიში “მესტალიაზე” “ვალენსიამ” “ლევანტეს” უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის 27-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ხოსე გაიას პასის შემდეგ უგო დურომ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მანამდე, მამარდაშვილმა “ლევანტეს” ფეხბურთელის მიერ შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 31-ე წუთზე “ვალენსიას” კაპიტანი გაია ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს. ამ ეპიზოდში მთავარი მსაჯი ხორხე ფიგუეროა აშკარად შეცდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმა ნამდვილად არ იყო. 81-ე წუთზე მორალესის გადაცემის შემდეგ ოსკარ დუარტემ ვალენსიელთა კარი აიღო, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ “მესტალიაზე” შეკრებილმა ფანებმა მამარდაშვილს უმღერეს. მამარდაშვილი “მატჩის მეფედ” პირველად 30-ე ტურში “კადისთან” შეხვედრაში აღიარეს. “ვალენსია” 43 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





