ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესოები გამოავლინა

0
24

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, Crystalbet ეროვნულმა ლიგამ საუკეთესო ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი და სიმბოლური გუნდი გამოავლინა.
საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, რომელმაც პირველი წრის 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელმა დუბლი თბილისის „დინამოსთან“, „გაგრასთან“ და „ტორპედოსთან“ შეასრულა, ხოლო თითო გოლი „სიონს“, „საბურთალოს“ და „სამგურალს“ გაუტანა. ბრაზილიელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და უახლოს მდევარ ირაკლი სიხარულიძეს („საბურთალო“) 3 ბურთით ასწრებს.


საუკეთესო მწვრთნელად ბათუმის „დინამოს“ დამრიგებელი, გია გეგუჩაძე დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით, აჭარული კლუბი 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბათუმელებმა 9 მატჩიდან 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს – 24 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.


სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება: მეკარე – კუპატაძე (ბათუმის დინამო); მცველები – ვანდერსონი (დილა), თევზაძე (თელავი), ჭიჭინაძე (დილა), მამუჩაშვილი (ბათუმის დინამო); ნახევარმცველები – ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო), ნონიკაშვილი (საბურთალო), ნ. ხორნელი (სიონი), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო); თავდამსხმელები – ვაწაძე (გაგრა), სიხარულიძე (საბურთალო).


Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე წრე სტარტს 29 აპრილიდან აიღებს.