„ლივერპულმა“ „მანჩესტერი“ სეზონში მეორედ გაანადგურა

0
54

„ლივერპულმა“ მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ანგარიშით მეორედ დაამარცხა. იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდი „ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში თავიდანვე დომინირებდა და მე-5 წუთზე ანგარიში ლუის დიასმა გახსნა. 22-ე წუთზე მანჩესტერელები მოჰამედ სალაჰმა დაამწუხრა. 68-ე წუთზე სტუმართა კარი სადიო მანემ აიღო, ხოლო 85-ეზე წერტილი სალაჰმა დასვა.
„ლივერპულმა“ პირველ წრეში „მანჩესტერი“ სტუმრად 5:0 გაანადგურა და საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში 9 უპასუხო ბურთი გაუტანა. ბოლო 129 წლის მანძილზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ჩემპიონატში სეზონის მსვლელობისას ორი მატჩის ჯამში 0:9 ერთ მეტოქესთან პირველად წააგო. მანამდე, „იუნატედს“ ყველაზე ცუდი შედეგი 1892-1893 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც „სანდერლენდისგან“ ორ შეხვედრაში 11 გოლი გაუშვა და ვერცერთი გაიტანა.
„ლივერპულს“ 2018 წლის აპრილიდან „მანჩესტერთან“ პრემიერ ლიგაში თამაში არ წაუგია – 5 გამარჯვება და 3 ფრე.
მერსისაიდელებს 76 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ლიდერობენ, ხოლო რალფ რანგნიკის გაწვრთნილი “იუნაიტედი” 54 ქულით მეექვეა. 74 ქულით მეორე ადგილზე მყოფი “სიტი” დღეს “ბრაიტონს” უმასპინძლებს.