ბოლნისის „სიონმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „გაგრა“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩის მე-13 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ანდრო ნემსაძემ ჩააწოდა ბურთი, რომელსაც მიმართულება ლუკა ხორხელმა შეუცვალა, ხოლო შორეულ ძელთან მყოფი თომა ტაბატაძის დარტყმა ნიაკ ჭანტურიამ ცუდად მოიგერია, იქვე მყოფმა ნიკა ხორხელმა კი ანგარიში გახსნა.
მე-17 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს და თავის საჯარიმოში ხელით ივან ფოცხვერიამ ითამაშა, რაც მთავარ მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილს არ გამორჩენია და პენალტი დანიშნა. გაგრელთა კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ბურთი კარს გადაცდა.
37-ე წუთზე მათე კვირკვიამ თავისი ნახევრიდან მარცხენა ფლანგზე საუცხოო რეიდი განახორციელა და მას მერე რაც ბურთიანად დაახლოებოთ 60 მეტრი ირბინა, „სიონის“ საჯარიმოში პასი მათე ვაწაძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე ხოსიტაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.
85-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან გიორგი კორიფაძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ლუკა ხორხელმა მიიღო და სცადა შოთა კერძევაძეს გასცდენოდა, ამ უკანასკნელმა კი ბოლნისელი ფეხბურთელი წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. კორიფაძემ პენალტი ზუსტად დაარტყა და „სიონს“ პირველი სამი ქულა მოუტანა.
გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი „გაგრა“ 7 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ 4 ქულით მერვეა.





