“ბათუმმა” კიდევ ერთი ლიდერი დაამარცხა

0
29

ბათუმში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა. აჭარაში სათამაშოდ საკალათბურთო კლუბი “ვერა” ჩავიდა, რომელიც ერთობ დასუსტებულია და აღმავლობის გზაზე მყოფ ბათუმელებთან ვერაფერი გააწყო. აჭარულმა გუნდმა წინა მატჩში შინ სუპერლიგის ლიდერი “ქუთაისი” გაანადგურა, ახლა კი სამეულში მყოფ კიდევ ერთ გუნდს გაუსწორდა.
“ვერამ” მხოლოდ ერთი ლეგიონერით ითამაშა, როცა გუნდს სამი უცხოელი ჰყავს (თაჩ უნრუჰი ვერელებმა ოფიციალურად გაუშვეს). ზაკ სელიასმა მისთვის ჩვეულად შედეგიანად ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დაბალანსებული “ბათუმის” დასამარცხებლად. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა პირველი პერიოდი 22:12 რომ მოიგო, მას შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია.
საბოლოოდ ბათუმელებმა 77:63 გაიმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილამდე ავიდნენ. გამარჯვებულებს 20 ქულით და 15 მოხსნით დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა. 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი კაილ რიდლის ანგარიშზეა. 12 ქულა სპენსერ კოლინსმა მოაგროვა. “ვერაში” საუკეთესო იყო ზაკ სელიასი – 28 ქულა და 14 მოხსნა. 10 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დავითა რწივიძემ მიითვალა.
საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მატჩები 11 და 12 მარტს – ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება.

რეგულარული ჩემპიონატი
გუნდი მ/წ
1. თსუ 10/2 22
2. ვერა 9/4 22
3. ბათუმი 7/6 20
4. ქუთაისი 9/2 20
5. ოლიმპი 7/5 19
6. რუსთავი 5/7 17
7. მეგა 5/7 17
8. ტიტები 5/6 16
9. ცხუმ-აფხაზეთი 4/8 16
10. კაკტუსი 4/8 16
11. დინამო 1/11 13