ბეგლარიშვილის კიდევ ერთი ტიტული ესტონეთში

0
53

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთში კიდევ ერთი ტიტული მოიგო. ტალინის „ლევადიამ“, რომელშიც ის გამოდის ესტონეთის სუპერთასი მოიგო. „ლევადია“ მიმდინარე წლის პირველი ტიტულისთვის შეხვედრაში თანაქალაქელ „ფლორას“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ლევადიამ“ 4:2 გაიმარჯვა. ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა და მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ბოლო პენალტი თავად ზუსტად შეასრულა.
31 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „ლევადიაში“ პირველი სეზონი ჩაატარა და 32 მატჩში 24 გოლის გატანის გარდა, 18 საგოლე პასი გააკეთა. მან თავის სადებიუტო სეზონში „ლევადიასთან“ ერთად ოქროს მედლები და ესტონეთის თასი მოიპოვა. მანამდე, ბეგლარიშვილმა „ფლორას“ მაისურით ესტონეთის მეისტრილიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო თასს 3-ჯერ დაეუფლა. განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ბეგლარიშვილი „ფლორას“ ფორვარდ ჰენრი ანიერს 2 ბურთით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ „ლევადიამ“ ჩემპიონის ტიტული 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.