საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ივარჯიშა. შეგახსენებთ, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია თბილისში 91:70 დაამარცხა და ამჯერად ტურნირის მეორე წრის მატჩში დაუპირისპირდება. ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კიდევ ორი წევრის – ესპანეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩი ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო. უკრაინა ესპანეთს 24 თებერვალს კორდობაში შეხვდა, ხოლო კიევში დაგეგმილი შეხვედრა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ შედგება.
ვარჯიში მთლიანად კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად კალათბურთელებს ნახევარ მოედანზე, ცალ ფარში დაცვითი და შეტევითი კომბინაციები დაამუშავებინეს.
გუნდში სრული საბრძოლო განწყობაა, არაა ტრავმები და ყველა კალათბურთელი ბრძოლის მოლოდინშია. ჩრდილოეთმაკედონიელებს რამდენიმე კალათბურთელი დაუბრუნდა, რომლებსაც ტრავმის გამო წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ. საქართველოს წინ ბორის ტრაიკოვსკის სახელობის დარბაზში ვარჯიში ჰქონდათ მასპინძლებს და მოედანზე მყოფი მაკედონიელი კალათბურთელები ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმაც იხილა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდი სკოპიეს ბორის ტრაიკოვსკის დარბაზში 27 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ასპარეზობის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.





