ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვალენსიას“ მორიგი შენაძენი ნახევარმცველი ილაიშ მორიბა აღმოჩნდა. ვალენსიელებმა 19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ლაიფციგიდან“ აიყვანეს.
მორიბა „ბარსელონას“ აღზრდილია, მაგრამ გასულ ზაფხულში კატალონიელებმა ის გერმანულ კლუბში 16 მილიონ ევროდ გაყიდეს, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ მაღალ ხელფასს ითხოვდა.
თუმცა, გვინეელმა შუახაზელმა ახალ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, რომელთა განმავლობაში მოედანზე 100 წუთი დაჰყო.





