მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბრაზილიის ნაკრებმა ფრედ მე-3 შეხვედრა დაასრულა, ტიტეს გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც მუნდიალზე თამაში შარშან გაინაღდა სტუმრად ეკვადორს დაუპირისპირდა და საკმაოდ უხეში მატჩი 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში კაზემირომ გახსნა. მე-15 წუთზე კოლუმბიელმა მსაჯმა ვილმარ როლდანმა მასპინძლების გოლკიპერი გააძევა, რომელიც კარიდან გამოვიდა და გაშლილი ფეხი მატეუს კუნიას ჩაარტყა. მე-20 წუთზე მეტოქესთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი ბრაზილიელთა მცველმა ემერსონმა მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა. 26-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ კარიდან გამოსულმა სტუმართა მეკარე ალისონმა იუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი ამოიღო, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილა შეცვალა. ალისონი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც წითელი ბარათი 2-ჯერ გაუუქმეს და ორივე შემთხვევაში VAR-ის დახმარებით.
ეკვადორმა საპასუხო ბურთი 75-ე წუთზე ფელიქს ტორესის დარტყმის შემდეგ გაათანაბრა. ბრაზილია 10-გუნდიან შესარჩევ ტურნირს 36 ქულით ლიდერობს.
არგენტინა ჩილეში გუნდის კაპიტან ლეო მესის გარეშე ჩავიდა, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღო. შეხვედრის მე-9 წუთზე ანხელ დი მარიამ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით სტუმრები დააწინაურა. მე-20 წუთზე ბრერეტონმა ეფექტური თავურით საპასუხო გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე ჩილელთა მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია და ლაუტარო მარტინესმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა და არგენტინა 32 ქულით მეორე ადგილზეა.

ურუგვაიმ 5-მატჩიანი (4 წაგება და 1 ფრე) წაუგებელი სერია შეწყვიტა. ახალი მთავარი მწვრთნელის დიეგო ალონსო ლოპესის ხელმძღვანელობით ურუგვაელები გასვლაზე პარაგვაის დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის განახლებიდან 5 წუთში ლუის სუარესმა მასპინძლების კარი აიღო. ურუგვაი 19 ქულით მე-4 პოზიციაზეა.






