ჯაბა კანკავას თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩს ჩაატარებდა. მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის პრესსამსახურთან ისაუბრა.
ჯაბა კანკავა:”ნამდვილად არასდროს მიფიქრია, რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენჯერ ვითამაშებდი. დაახლოებით, 70-80 თამაში რომ დამიგროვდა, მერე უკვე ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა 100 თამაშისთვის მიმეღწია. თუმცა, მატჩების რაოდენობის დაგროვება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ეს ბუნებრივად მოხდა და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. იმდენად მინდოდა ეროვნულ ნაკრებში თამაში, რომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. პროფესიულ დონეზე თამაში რაც დავიწყე, დაახლოებით წელიწადნახევარში უკვე ნაკრებში გამომიძახეს და ჩემთვის ეს იყო მოულოდნელობაც, მაგრამ მოტივაციაც და ვცდილობდი, ადგილი შემენარჩუნებინა.
2004 წელს, საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა დინამოს და შინაგანი გრძნობა მქონდა, რომ შეიძლებოდა, ნაკრებშიც გამოვეძახებინეთ. პირველად თურქეთის ნაკრებთან სტუმრად სათადარიგო სკამზე ვიყავი, რამდენიმე დღის მერე კი ალბანეთთან შინ ვითამაშეთ და ჩემი დებიუტი მაშინ შედგა. ის მატჩი მოვიგეთ სავსე სტადიონზე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. პირველი ის მახსენდება, რომ ჟირესმა, როცა მითხრა მოედანზე უნდა შეხვიდეო, ისეთი დაძაბული ვიყავი და ისე ვნერვიულობდი, რომ დღემდე მახსოვს. შეცვლაზე შევედი და ორ წუთში ყვითელი ბარათი მივიღე და იმის მერე ეს ყვითელი ბარათები დამებედა (იღიმის). ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადავლახე. ალბათ, ყველას აქვს ეს გრძნობა, როცა დებიუტანტი ხარ, თუმცა შემდეგ ეჩვევი.
სათადარიგო სკამზე ყოფნის დროს, თითქოს, იმუხტები, როცა გუნდს ვერ ეხმარები და შემდეგ მატჩში უკვე ორმაგად უფრო გინდა, რომ ითამაშო და შენს ქვეყანას გამოადგე. ეს შეგრძნება მქონია, როცა ეროვნულ ნაკრებს ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვეხმარებოდი.
გამოვარჩევ ხორვატიასთან და ბელარუსთან მატჩებს, იმიტომ, რომ ამ ორი მატჩის შემდეგ რეალური შანსი გვქონდა რაღაცისთვის მიგვეღწია და ვფიქრობ, რომ ეს ორი თამაში ამ კუთხით გამორჩეული იყო.
რა თქმა უნდა, ოჯახი პირველ ადგილზე დგას. მე დედაჩემთან ურთიერთობას გამოვყოფდი, ყველგან მგულშემატკივრობდა და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ერთი მიზანი მქონდა, რომ ბევრი მევარჯიშა და დამემტკიცებინა, რომ ყოველ თამაშზე ძირითადში ყოფნის ღირსი ვიყავი. ამისთვის ბევრი შრომა იყო საჭირო და ამას ვაკეთებდი. დღემდე ასე ვარ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ვგრძნობდი ამას ქომაგებისგან, იყვნენ კრიტიკულად განწყობილებიც, მაგრამ უმეტესობა მხარს მიჭერდა და ვეცდები, რომ როდემდეც ვითამაშებ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო”.
კანკავა ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100-ჯერ ითამაშა.




