
გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტის“ შემადგენლობაში ბელგიის ჩემპიონატში თავის გამოჩენის საშუალება ისევ არ მისცეს. მე-18 ტურში „გენტმა“ „გენკი“ მიიღო და დე სარტის მიერ 29-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა.
მართალია, გენტელთა მწვრთნელმა ვან ჰაზენბრუკმა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „ფლორასთან“ (1:0) სასტარტოში ათამაშა, მაგრამ ამჯერად განაცხადში ისევ არ შეიყვანა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბელგიურ კლუბში ჩაკვეტაძეს ისე აღარ ენდობიან, როგორც ადრე. ამიტომ, გამორიცხული არაა, მან ამ სეზონის ბოლოს „გენტი“ დატოვოს. 22 წლის ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის პირველობაზე 8-ჯერ ითამაშა და სასტარტოში 4-ჯერ მოხვდა.




