ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა, სადაც მადრიდის „რეალმა“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. მატჩის მე-16 წუთზე მადრიდელთა შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ვინისიუს ჟუნიორმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა ქარიმ ბენზემას, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ეფექტური ბურთი გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა 2021 წელს „სამეფო კლუბის“ მაისურით თავი 36-ჯერ გამოიჩინა, რაც მისი პირადი რეკორდია. საერთო ჯამში, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მის ანგარიშზე ყველა ტურნირში გატანილი 45 გოლია. სხვათა შორის, პირველი ტაიმის შემდეგ ის შეცვალეს.
„რეალი“ პირველი ტაიმის მსგავსად უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდა და 57-ე წუთზე განხორციელებული კონტრშტეტევის დროს, ვინისიუსმა ამჯერად გადაცემა „ატლეტიკოს“ საჯარიმოში გახსნილ მარკოს ასენსიოს არ დაუგვიანა, რომელმაც ერთი შეხებით ობლაკს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა.
„რეალის“ თავკაცის რანგში იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ პირველი დერბი მოიგო. მანამდე, ჩატარებული 4 მატჩიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა „როხიბლანკოსთან“ 3-ჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. თუმცა, ანჩელოტის გაწვრთნილ „რეალს“ გუშინ გამართულ მატჩამდე „ატლეტიკო“ ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დაუმარცხებია.
„რეალმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო, ხოლო ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. მადრიდელებმა ლა ლიგაში მიჯრით მე-7 თამაშში გაიმარჯვეს, საერთო ჯამში კი, ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგიათ – 8 მოგება და 1 ფრე.
„რეალის“ მეკარეს ბელგიელ ტიბო კურტუას ლა ლიგაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ატლეტიკოსთან“ ჩატარებულ არცერთ მატჩში გოლი არ გაუშვია.
