„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში შინ შვეიცარიის „იანგ ბოიზს“ ვერ მოუგო – 1:1. მასპინძლები მე-9 წუთზე მეისონ გრინვუდმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებიდან თავი 42-ე წუთზე ფაბიან რიდერმა გამოიჩინა. მანჩესტერელთა რიგებში კრიშტიანუ რონალდუსს არ უთამაშია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ხუთივე მატჩში გოლი გაიტანა და თავისი რეკორდის გამეორების შანსი ჰქონდა. განვლილი შეხვედრა „იუნატედის“ ახალ მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკისთვის ინგლისური გუნდის სათავეში სადებიუტო აღმოჩნდა. „მანჩესტერმა“ 11 ქულით F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილის ბედი ბერგამოში ადგილობრივ „ატალანტასა“ და „ვილიარელის“ შორის შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო. თუმცა, უამინდობის გამო მთავარმა არბიტრმა ინგლისელმა ენტონი ტეილორმა ჯერ შეხვედრის 20 წუთის დაგვიანებით დაწყება გადაწყვიტა, ხოლო შემდეგ თამაში საბოლოოდ 9 დეკემბრისთვის გადადო. „ვილიარეალი“ 7 ქულით მე-2 პოზიციაზეა, ხოლო „ატალანტა“ ესპანელებს ქულით ჩამორჩება. „იანგ ბოიზი“ 5 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.






