თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩია გამარჯვების გემო არ იცის. ფამაგუსტელები მე-12 ტურში შინ „პაეკს“ დაუპირისპირდნენ და 2:3 წააგეს. სტუმრები 41-ე წუთისთვის 2:0 იგებდნენ და მასპინძლებმა ერთი საპასუხო ბურთი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს.
შესვენების შემდეგ 62-ე წუთზე „ანორთოსისმა“ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 71-ეზე „პაეკმა“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოოდ 3 ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „ანორთოსისი“ 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ეკატერინბურგის „ურალმა“ სტუმრად მოსკოვის „ლოკომოტივი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იყო, რომელიც 87-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 88-ეზე შეცვალეს. „ურალი“ 16 ქულა 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში „რაკუვმა“ გასვლაზე გდანსკის „ლეხიასთან“ 1:3 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ დამარცხებულთა შემადგენლობაში მეორე ტაიმი ჩაატარა. „რაკუვი“ 29 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
