“შავი ლომს” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რაგბის ევროპის სუპერთასზე შინ პენზის “ლოკომოტივთან” (16:19) მარცხით უკმაყოფილო დარჩა.
ლევან მაისაშვილი: “რა თქმა უნდა შედეგით უკმაყოფილო იყო:„რა თქმა უნდა შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა.
ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო.
ეს არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ჩვენს თამაშზე იმიქმედა. მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მით უმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, ‘შავი ლომის’ მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს მიეცეთ საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი და ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ახლა გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის“.
შედეგით უკმაყოფილო იყო გუნდის კაპიტანი ლაშა ხმალაძე:
„ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა“.
‘ლოკომოტივ-პენზას’ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ იანუშკინი გამარჯვებით გახარებული იყო:
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა. ქართველების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მით უმეტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. საქართველოს ნაკრები განთქმულია ძლიერი მორკინალებით და ‘შავ ლომში’ ის ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც ახლოს არიან ნაკრებთან. ბოლო დროს უკანახაზელებთან კონტაქტიც კარგად გამოდის და ჩვენი ამოცანა მათი შეჩერება იყო. მეტოქის შეცდომებით კარგად ვისარგებლეთ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

გამარჯვებით კმაყოფილი იყო გუნდის კაპიტანი სერგეი იანუშკინიც:
„ეს მოგება ჩვენთვის ძვირად ფასობს და ბედნიერები ვართ. როგორც პენზაში, ახლაც თანაბარი თამაში იყო, ინიციატივას ხან ჩვენ ვფლობდით, ხან მეტოქე. ვცდილობდით ის შეცდომები არ დაგვეშვა, რაც პირველ მატჩში დავუშვით და საბოლოოდ ამან გაამართლა“.





