ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო.
ტიტეს გაწვრთნილი „სელესაო“ სტუმრად ვენესუელას შეხვდა და 3:1 აჯობა. მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე ერიკ რამირესის დარტყმის შემდეგ გახსნეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
71-ე წუთზე, ცენტრალურმა მცველმა მარკინიოსმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 85-ე წუთზე გაბიგოლმა პენალტი ზუსტად შეასრულა და სტუმრები დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ანტონიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბრაზილია 27 ქულით 10-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ლიდერია.
გათამაშების მეორე საფეხურზე მყოფმა არგენტინამ სტუმრად პარაგვაისთთან უგოლო ფრე ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ლეო მესიმ მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. არგენტინელებს 19 ქულა აქვთ.
ასევე, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა მონტევიდეოში ურუგვაისა და კოლუმბიის დაპირისპირება.
ეკვადორმა ბოლივიას მიიღო და 3:0 სძლია. ეკვადირელებმა მატჩის ბედი 5-წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტეს. მე-14 წუთზე ანგარიში ესტრადამ გახსნა. მე-17 წუთზე მასპინძლები ენერ ვალენსიამ დააწინაურა, რომელმაც მე-19 წუთზე დუბლი შეასრულა.
ეკვადორი 16 ქულით მესამე პოზიციაზეა, ამდენივე ქულით ურუგვაი მეოთხეა, ხოლო კოლუმბია 15 ქულით – მეხუთე.
პერუმ ჩილეს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. პერუელები კუევამ 35-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო პენიამ 64-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო.





