კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში თანაქალაქელ „დინამოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 65-ე წუთზე, დავით სხირტლაძის გადაცემის შემდეგ, „ლოკომოტივის“ სენეგალელი მცველი ადამა ვადი შეცდა და მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ზორან მარუშიჩმა ანგარიში გახსნა. სერბმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
გაშვებული გოლიდან 5 წუთში, თორნიკე კირკიტაძე მარჯვენა ფრთაზე ერთ მეტოქეს გაცდა და ბურთი მეტოქის ჯარის შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოილა მამია გავაშელიშვილმა მოიგო, ხოლო თითქმის კარის ხაზზე მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ თავით გაიტანა – 1:1. ამ ეპიზოდში „დინამოს“ ესპანელი მეკარე პრიეტო და მცველი გიორგი პაპავა შეცდნენ. სიხარულიძემ თავის კარიერაში საქართველოს ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა.
79-ე წუთზე, მარჯვნიდან ბექა დარცმელიამ კუთხური ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ მასპინძლები დააწინაურა – 2:1.
81-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან სხირტლაძის პასის მერე თავის საჯარიმოში დარცმელია და სანდოხაძე შეცდნენ, ხოლო განელმა ოსეი ბარნსმა ანგარიში გაათანაბრა.
„დინამო“ 52 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 41 ქულით მეხუთეა.





