გიორგი ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „გენტმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, თავის მოედანზე სერკლ ბრიუგე“ 2:1 დაამარცხა
მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე გენტელთა სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და მოედანზე 78 წუთი დაჰყო.
მან 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, საგოლე პასი გააკეთა და ლემაჯიჩს გაატანინა.
„გენტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ლეგიონერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
თამაშის შემდეგ ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძეზე შემდეგი თქვა:
„ფეხით თამაშის კუთხით ჩემს გუნდში საუკეთესოა. ეტაპობრივად პროგრესირებს, რის შემდეგაც საუკეთესო ფორმაში შევა. ის არის მოთამაშე, რომელიც გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ფიზიკურად უნდა გაძლიერდეს”.
თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ ბედნიერია, როდესაც შეუძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს:
„განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო. ”სერკლ ბრიუგესთან” შეხვედრა რთული იყო, გამარჯვებისთვის დიდი სამუშაო შევასრულეთ.
ჯერ კიდევ მახსოვს, რომ ტრავმებს დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი. 100 პროცენტით თამაშისთვის მზად ჯერ კიდევ არ ვარ, ამ ეტაპზე 60-70 წუთით ასპარეზობა ჩემი მაქსიმუმია, მწვრთნელს შეცვლა სწორედ ამიტომ ვთხოვე.
ზოგჯერ ტრავმის მიღების შიში მეუფლება, თუმცა ეს ბუნებრივია, როცა ტრავმების გამო დიდი პერიოდი გიცდება და შემდეგ ბრუნდები. შეცვლამდე მეტოქის ფეხბურთელმა ძლიერად ჩამარტყა, თუმცა საბედნიეროდ ტრავმა არ მიმიღია”.
ლაშა თაბაგარი





