გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის რანგით მეორე ლიგის „პოდბესკიძიეში“ გადასვლის შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-8 ტურში „პოდბესკიძიე“ სახლში ლიდერ კიელცეს „კორონას“ შეხვდა და 2:3 წააგო. ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ისე მიიღო, რომ ხელს არავინ უშლიდა, რის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
35 წლის ნახევარმცველმა 67-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 73-ეზე შეცვალეს.
„პოდბესკიძიე“ 12 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
რუსეთის რანგით მეორე ლიგის მე-10 ტურში თავი ბექა ქავთარაძემ გამოიჩინა.
ვოლგოგრადის „როტორი“, სადაც ქართველი ფორვარდი გამოდის, შინ „აკრონთან“ 1:2 დამარცხდა.
22 წლის ქავთარაძე თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, როცა მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა და 61-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 70-ეზე ანგარიში შეამცირა. მან ამ სეზონში თავისი პირველი გოლი მიითვალა.
„როტორში“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ვოლგოგრადელები 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზე არიან.




