საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ესტონეთში ადგილობრივ თანატოლებს მეორე სპარინგიც მოუგო.
შეხვედრის 45-ე წუთზე ანგარიში ვეტკალმა გახსნა და ესტონელებმა პირველი ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით დაასრულეს.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სიხარულაშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მასპინძელთა მეკარის ნახტომი ამაო აღმოჩნდა – 1:1.
შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველებმა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოს შესრულების შემდეგ ბურთი მეტოქის კართან ჩაკიდეს, სადაც შექმნილი არეულობით პირტახიამ ისარგებლა და სტუმრებს მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ამხანაგურში 2:0 გაიმარჯვა.
ესტონეთი – საქართველო 1:2 (1:0)
7 სექტემბერი. ტალინი
საქართველო:ლუკა ხარატიშვილი, დავით გოგოტიშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, გიორგი პირთახია, ოთარ მამაგეიშვილი, ზურაბ რუხაძე, ლუკა გაგნიძე (კ), ჯადული იობაშვილი, ლუკა კეკელიძე, გიორგი გვიშიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: ლევან თანდილაშვილი, გიორგი ამბროსიძე, მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზი ცხოვრებაშვილი, ლუკა წულუკიძე, გიზო მამაგეიშვილი, ნიკა სიხარულაშვილი, გიორგი კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლები: 1:0 ვეტკალი (45), 1:1 სიხარულაშვილი (90+2), 1:2 პირტახია (90+5).





