კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში პორტუგალიამ ირლანდიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
36 წლის რონალდუმ მე-15 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – 19 წლის მეკარე გევინ ბაზუნმა აუღო, რომელიც ინგლისის რანგით მე-3 ლიგის “პორტსმუთში” თამაშობს. სხვათა შორის, კრიშტიანუმ მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ თერთმეტმეტრიანი პირველად ვერ გაიტანა – მანამდე ზედიზედ 6-ჯერ ზუსტად დაარტყა. სტუმრები 45-ე წუთზე დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს.
89-ე წუთზე, პორტუგალიელთა კაპიტანმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე რონალდუმ დუბლი შეასრულა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
მან ნაკრებში ჩატარებულ 180 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 111-ჯერ აიღო. მანამდე, რონალდუმ ირანელი ალი დაიეს (109) რეკორდი გაიმეორა, რომელსაც დიდი ხანი ახლოს ვერავინ უახლოვდებოდა, ხოლო ამჯერად რეკორდსმენი თავად გახდა.
გარდა ამისა, რონალდუმ ევროპის მასშტაბით ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ესპანელი სერხიო რამოსის რეკორდი გაიმეორა, ხოლო მალაიზიელ სო ჩინ აუნის მსოფლიო რეკორდამდე 15 შეხვედრა აკლია. მან 1969-1984 წლებში თავისი ქვეყნის ღირსება 195-ჯერ დაიცვა.




