ბერნარ შალანდი: “საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ჩვენ, მეტი შეგვიძლია”

0
21

კოსოვოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ბერნარ შალანდის აზრით, როგორც საქართველოს ნაკრებს, ასევე მის შეგირდებს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ.

შვეიცარიელმა სპეციალისტიმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვალ ბათუმში ქართველებთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ბერნარ შალანდი: “კოსოვოს და საქართველოს ნაკრებები ძალიან ახლოს იყვნენ ევროპის ჩემპიონატთან, მაგრამ ჩვენი ოცნებები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ჩაშალა. ვფიქრობ, კოსოვო და საქართველო დაახლოებით მსგავსი გუნდები არიან და ხვალ თანაბარ თამაშს ველოდებით.

ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე ყოველთვის რთული წარმოსადგენია და ის არაა, რაც გვიხარია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც მსოფლიო იმყოფება და რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. მაყურებლის სტადიონზე ყოფნა აბსოლუტურად ყველას სურს და მათ შორის – ჩვენც.

ამ მომენტში გუნდში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია და ამიტომ დაგვჭირდა  ახალი მოთამაშების გამოძახება, რაც ვფიქრობ, ისედაც აუცილებელია. ყველა ნაკრებს აქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე საკადრო პრობლემები და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენ არ ვიმყოფებით.

ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერი და რთულია. ეს არაა ადვილი ჯგუფი საქართველოსთვის და კოსოვოსთვის. ვნახე საქართველოს მატჩები შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან და ვფიქრობ, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. საქართველომ კარგად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა.

საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ჩვენ, მეტი შეგვიძლია და ვეცდებით, ეს ხვალინდელ შეხვედრაში ვაჩვენოთ. არბერ ზენელი და ედონ ჟეგროვა იმიტომ არ არიან გამოძახებულები, რომ ტრავმირებულები იყვნენ და ფორმაში არ იმყოფებიან“, – თქვა შალანდმა.

პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა ფრანგული „კლერმონის“ ნახევარმცველი ელბასან რაშანი, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ოთხ ტურში 3 გოლი გაიტანა.

ელბასან რამანი: „ჩვენ აქ სამი ქულისთვის მოსაპოვებლად ჩამოვედით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს, თუ ბოლომდე დავიხარჯებით და მაქსიმუმს გავიღებთ. პირადად მე მზად ვარ ხვალინდელი თამაშისთვის და ჩემი თანაგუნდელებიც კარგ ფორმაში არიან. ამიტომ, ჩვენი გუნდისგან კარგ თამაშს ველოდები.

ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობ, სახლში თუ სტუმრად, მაყურებლის სტადიონზე ყოფნა ყოველთვის მსურს. ვწუხვარ, რომ ხვალინდელი მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა ჩვენ კონცენტრაცია მოედანზე უნდა მოვახდინოთ. საფრანგეთის ლიგა 1 მაღალი დონის ჩემპიონატია, ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მიხარია, რომ კარგად დავიწყე. თუმცა, ნაკრებში თამაშის დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს და წარმატებისთვის ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.