„ბარსელონას“ პირველი გამარჯვება მესის წასვლის შემდეგ – ბრაიტვეიტის ბენეფისი

0
10

ლიონელ მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონამ“ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონამ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

განვლილი შეხვედრა კატალონიელთა დანიელი თავდამსხმელის მარტინ ბრაიტვეიტის ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის მე-19 წუთზე თავური დარტყმით ანგარიში პიკემ გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ბრაიტვეიტმა ასევე თავით მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მან 59-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

82-ე წუთზე, „რეალ სოსიედადიდან“ ერთი ბურთი ლობეტემ გაქვითა, ხოლო სამ წუთში ოიარსაბალმა საჯარიმო დარტყმა ულამაზესად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

მსაჯისთვის დამატებულ პირველ წუთზე ბრაიტვეიტის გადაცემის შემდეგ სერხიო რობერტომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ბრაიტვეიტი პირველი დანიელი გახდა, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

„ბარსელონაში“ დებიუტი ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველ მემფის დეპაის და ესპანელ ცენტრალურ მცველ ერიკ გარსიას ჰქონდათ.