თბილისმა ფიბა-ს ზედიზედ მეორე ღონისძიებას მაღალ დონეზე უმასპინძლა. 20-წლამდელთა ევროჩელენჯერის ჩატარების (19-25 ივლისი) შემდეგ საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-სთან თანამშრომლობით 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯიც წარმატებით ჩაატარა.
დაჯილდოების ცერემონიალზე ფიბა-ს ღონისძიებების ტექნიკურმა დელეგატმა ნატალი სენდმანმა მაღალ დონის ორგანიზებისთვის სპეციალური პრიზი გადასცა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს.
გოგონათა ევროჩელენჯერი 9-დან 14 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მაკედონიელებმა ყველა მატჩი ძალიან იოლად მოიგეს. ბალკანელები ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ტურნირის ბოლო მატჩის: საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩრდილომაკედონიელებს საგანგებოდ დამზადებული საჩემპიონო მედლები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიბა-ს კომისარმა გადასცეს.
თბილისური გოგონათა ევროჩელენჯერის საუკეთესო მოთამაშე ტურნირში მონაწილე ნაკრებთა მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. იგი გახდა მაკედონიელი მიჰაელა ალექსოვკა, რომელსაც MVP-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი პაატა გურასპაულმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია გახლდათ საჩემპიონო თასის გადაცემა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ჩრდილომაკედონიელთა კაპიტანს, მიჰაელა ალექსოვკას გადასცა. გოგონებმა მოგებული ტიტული დიდი ზარ-ზეიმით, ფოიერვერკის ფონზე აღნიშნეს.