16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ჩელენჯერში სათამაშოდ ბულგარეთში გაემგზავრა

0
25

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ფიბა-ს ჩელენჯერში მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო არც წლეულს ტარდება ევროპის ჩემპიონატი A და B დივიზიონების პრინციპით და მათ ნაცვლად მცირეგუნდიანი ჩელენჯერები იმართება.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც ირაკლი ტომარაძე და ნიკოლოზ ცინცაძე წვრთნიან, ბულგარეთში დაგეგმილ ჩელენჯერში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გასული წლის შედეგებით რეიტინგით 19-25 ადგილებზე მყოფი გუნდები შეიკრიბნენ.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 7 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა უნგრეთთან, კვიპროსთან და სლოვაკეთთან ერთად.

მეორე ჯგუფი უკრაინამ, შვეიცარიამ და პორტუგალიამ შეადგინეს. 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და გამარჯვებულის გამოსავლენად გააგრძელებს ბრძოლას, ჯგუფიდან ვერგასული გუნდები კი 5-7 ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრებმა შეკრება ჯერ თბილისში, შემდეგ კი ხაშურში გაიარა. წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას და ჯგუფური თამაშების განრიგს:

საბა სალაძე, ნიკოლოზ აბულაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა გორგოძე, თენგო გოგიშვილი, ვაჩე გეგეშიძე, ლუკა ლომთაძე, შოთა მაჭავარიანი, ლუკა ალავიძე

თამაშების განრიგი:
საქართველო – სლოვაკეთი 16 აგვისტო, 21:00
კვიპროსი – საქართველო 17 აგვისტო, 18:00 
საქართველო – უნგრეთი 18 აგვისტო, 21:00