ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება პარიზული კლუბის პრესსამსახური. ის ახალ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, თანამშრომლობას ავტომატურად ერთი წლით განაგრძობენ.
„პარიზში ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებამს მოუთმენლად ველოდები. კლუბი და მისი ხედვა ჩემს ამბიციას სავსებით შეესაბამება. ვიცი აქ რამდენად ნიჭიერი მოთამაშეები და პერსონალია. მზად ვარ, რომ მათთან ერთად რაღაც საუცხოო შევქმნა კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. „პარკ დე პრენსის“ მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველოდები“ – განაცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 6 „ოქროს ბურთის“ მფლობელმა 34 წლის არგენტინელმა.
„მიხარია, რომ ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ თამაში გადაწყვიტა. მას არ დაუმალავს, რომ უმაღლეს დონეზე თამაშისა და ტიტულების მოგების სურვილი კიდევ აქვს. კლუბის ამბიციაც ანალოგიურია.
მოუთმენლად ველოდები, რომ ჩვენი მაღალი დონის მწვრთნელი და მისი გუნდი მსოფლიოს მასშტაბით „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებისთვის ისტორიულ შედეგს აჩვენებს“ – განაცხადა პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ.
