ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის თქმით, მისი შეგირდები “სივასფორთან” დაპირისპირებისთვის მზად არიან და მომავალ მატჩში შანსები თანაბარია.
მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “სივასფორთან” ბათუმში გასამართ პირველ მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც დინამმოელთა მეკარე ლაზარე კუპატაძეც დაესწრო.
გია გეგუაჩაძე: “ძალიან დიდი ძალა გაიღეს ფეხბურთელებმა ბატესთან თამაშში. ამას დაერთო მგზავრობაც. დასასვენებლად ორი დღე მივეცით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ ძალები. ყოველ შემთხვევაში, გუნდი სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია და შანსები თანაბარია.
ბატე და “სივასფორი” ცოტა განსხვავებული სტილის გუნდებია, თუმცა საერთოც მრავლად აქვთ. გუნდის სიძლიერე ალბათ მოედანზე უნდა შეფასდეს, მაგრამ ის, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, უდავოა. ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის – მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, ეს უდიდესი გამოცდილებაა და ვნახოთ, რა იქნება.
ვამარა სანოგოსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, ლუკაშ გროცურეკი სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. კოვიდი აქვს გიორგი ზარიას, რომელიც ვერ დაგვეხმარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგია, როდესაც ტრიბუნებზე მაყურებლები არიან და მიუხედავად იმისა, რომ წნეხის ქვეშ ვიქნებით, ამაზე უარის თქმა წარმოუდგენელია.
პირიქით, ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი ფან-კლუბი უდიდესი მოტივატორია ყველა ჩვენთაგანისთვის. უბრალოდ, არის მომენტები, როდესაც რაღაც გამოგდის, რაღაც – არა. ალბათ, ლაზარეც დამეთანხმება, რომ როცა გულშემატკივარი გვერდით გიდგას, ერთად თამაშობთ და ერთად იგებთ, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს”.
ლაზარე კუპატაძე: “გამომდინარე წინა მატჩიდან, განწყობა ამაღლებულია. მომავალ თამაშთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა. შევეცდებით, რომ ის შევასრულოთ და ისე ვითამაშოთ, რომ მოწინააღმდეგეს მოედანზე დისკომფორტი შევუქმნათ”.
ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორის” შეხვედრა 5 აგვისტოს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.