სტუდენტური ლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გახდა. საუნივერსიტეტო სპორტისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე ტურნირში მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური და ეროვნული უნივერსიტეტების გუნდები შეხვდნენ. ტექნიკოსებს სტუდენტური ლიგის მოგების ამბიცია ჰქონდათ, რომლებიც ნახევარფინალში გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდთან დამარცხდნენ, ხოლო სეუ-მ ფინალში გასასვლელი შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტთან დათმო.
ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი დაძაბული არ გამოდგა. ტექნიკური უნივერსიტეტელთა უპირატესობა თავიდანვე სოლიდური იყო. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა სტუ-მ პირველი ათწუთეული 27:18 მოიგო, ხოლო მეორეში 22:12 იძალა და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი – 19-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ტექნიკოსებმა გააგრძელეს წარმატებით თამაში და გამარჯვებამდე მივიდნენ. მესამეადგილოსნებს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. ყველა, ვინც მოედანზე გამოვიდა, მინიმუმ 4 ქულა მიითვალა. ბომბარდირი კი 15 ქულით დიმიტრი აიანადი გახდა. 12-12 ქულა მოაგროვეს საბა აკობიამ და გიორგი ლეკიაშვილმა.
შეხვედრა საბოლოოდ 102:69 დასრულდა, რის შემდეგაც გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სტუ-ს გუნდის წევრები ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით საუნივერსიტეტო ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო გიგინეიშვილმა დააჯილდოვა.
კალათბურთი სტუდენტური ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ტექნიკური უნივერსიტეტია