დავით პეტრიაშვილი არენაზე Pro ლიცენზიის მესამე მოდული გაიმართა

0
19

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა. აღნიშნულ მოდულს უეფა-ს მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული უძღვებოდა.

მესამე მოდულის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი თემები გახლდათ ანალიზი, სფფ-ის ეროვნული ნაკრების ანალიზის მოდელი, სათამაშო ეპიზოდების გარჩევა და მათი მოედანზე განხორციელება. ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია სწორედ აღნიშნული საკითხების შესახებ მიიღეს. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას.​

საქართველოში მიმდინარე მწვრთნელთა განათლების კურსის შესახებ კომენტარი უეფა-ს ექსპერტმა, გენადი სკურტულმა გააკეთა.  მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფა-ს მწვრთნელთა განათლების მიმართულების მაღალ დონეზე განვითარებისა და ორგანიზების გამო. მისი თქმით, კურსში მონაწილე მწვრთნელები მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებენ საკუთარ კლუბებში მუშაობისას და აღნიშნა, რომ Pro ლიცენზიის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ქართულ ფეხბურთის მწვრთნელთა ახალი, პროფესიონალი თაობა ეყოლება.

სასწავლო კურსის შესახებ, სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული მწვრთნელთა განათლების კურსები, უეფა-ს კონვენციით რეგულირდება და სრულად შეესაბამება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სტანდარტებს.

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია.

შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

სწავლება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.