2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველო საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა. ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.
თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მის: უნივერსიტეტის ქუჩა, N15 ა), ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თამაშების ჩატარების/ორგანიზების და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით გაიმართება.
„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები – საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.
გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვსგუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს.