იტალია ნახევარფინალში განახლებული რეკორდებით გავიდა – სპინაცოლასთვის ტურნირი დასრულდა

0
30

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო-2020-ის 1/4-ფინალში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ბელგიას დაუპირისპირდა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა.

იტალიეელბმა ანგარიში 31-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ბელგიელმა მცველმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა, ხოლო მარკო ვერატის გადაცემის მერე ნიკოლა ბარელა მეტოქის საჯარიმოში სამ მცველს გაექცა და ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლორენცო ინსინიემ მარცხენა ფლანგიდან მოედნის ცენტრისკენ შეიწია და ბელგიელთა საჯარიმოს მისადგომებიდან თავისი საფირმო დარტყმით კურტუას შორეულ კუთხეში გაუტანა.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი დოკუ დი ლორენცოსთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და სლოვენიელმა მთავარმ მსაჯმა სლავკო ვინჩიჩმა საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და იტალიელები ევრო-2012-ის შემდეგ პირველად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში ითამაშებენ.

რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიამ წაუგებელი თამაშების რაოდენობა 32-მდე გაზარდა, რითაც თავისივე რეკორდი განაახლა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მცველი სპინაცოლა ვერ დაეხმარება, რომელმაც ბელგიასთან მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვიტა და დაახლოებით ერთ წელიწადს გამოტოვებს.

იტალიის ნაკრები საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემდეგ მეორეა, რომელმაც ევროპის პირველობაზე საწყისი 5 თამაში მოიგო. ფრანგებმა ეს ევრო-1984-ზე მოახერხეს.

„სკუადრა აძურამ“ ზედიზედ 13 თამაში მოიგო – 36 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.

იტალიამ ევროპის ჩემპიონატებზე (საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გათვალისწინებით) მიჯრით 15 შეხვედრაში გაიმარჯვა და ბელგიის რეკორდი (14 მატჩი) გააუმჯობესა.

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლას 41 წელიწადია ვერ ახერხებს.

ბოლოს ბელგიელებმა ნახევარფინალში ევრო-1980-ზე ითამაშეს და გერმანიასთან 1:2 წააგეს.

იტალია ევრო-2020-ის 1/2-ფინალში 6 ივლისს ლონდონში „უემბლიზე“ ესპანეთს დაუპირისპირდება.