ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი მასპინძელთა ნაკრები 1/4-ფინალში ჩილეს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების მერე თამაშის განახლებიდან ერთ წუთში ჩილელთა კარი ლუკას პაკეტამ აიღო – 1:0.
48-ე წუთზე მსაჯმა ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟესუსი გააძევა, რომელმაც ნახტომში ბუცის ქაცვები მხარში ჩილელ მცველ ეუხენიო მენას ჩაარტყა.
მეორე 1/4-ფინალში პერუსა და პარაგვაის შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა, ხოლო გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა.
მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში პარაგვაელმა გუსტავო გომესმა გახსნა, რომელმაც 10 წუთში ავტოგოლი მიითვალა.
მე-40 წუთზე ჯანლუკა ლაპადულამ პერუელები დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
54-ე წუთზე, ხუნიორ ალონსომ ანგარიში გაათანაბრა. მე-80 წუთზე, ვიქტორ იოტუნის დარტყმის მერე პერუ ისევ წინ გავიდა, თუმცა, 90-ე წუთზე გაბრიელ ავალოსმა თანაფარდობა კვლავ აღადგინა.
პენალტების სერიაში პერუმ 4:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში ბრაზილიას შეხვდება.
