კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ქობულეთის „შუქურამ“ ფოთში „ფაზისის“ სტადიონზე „სამტრედიას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
„შუქურამ“ ანგარიში 58-ე წუთზე გახსნა, როდესაც ზურაბ მუსელიანის გადაცემის მერე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ ფაქტობრივად კარის ხაზიდან უპრობლემოდ გაიტანა. ამ ეპიზოდში სამტრედიელთა დაცვა აშკარად ჩავაარდა.
გატანილი გოლიდან მალევე, მასპინძლების მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და „შუქურა“ მოედანზე 10 კაცით დარჩა.
ამის მიუხედავად, „შუქურამ“ არათუ ანგარიშის შენარჩუნება, არამედ, მისი გაზრდაც მოახერხა.
64-ე წუთზე, ლევან ინგოროყვას პასის შემდეგ თავი უკვე ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა.
„შუქურამ“ ზედიზედ მეორე მატჩი არ წააგო და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
