შვედეთმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფში გალიდერდა

0
20

შვედეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევრო-2020-ზე პირველი თამაში მოიგო და E ჯგუფში გალიდერდა.

შვედები სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ სლოვაკებს დაუპირისპირდნენ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმი უინტერესო აღმოჩნდა, საგოლე მომენტი არცერთ გუნდს შეუქმნია და ლოგიკურია, რომ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვენების შემდეგ შვედები უფრო აქტიურობდნენ, რამდენჯერმე მეტოქის კარს დაემუქრნენ და საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს.

ალექსანდერ ისაკმა, რომელიც მიმდინარე ევროზე სკანდინავიელების ლიდერია, 77-ე წუთზე საუცხოო პასით სლოვაკების მეკარესთან პირისპირ დატოვა კუაისონი, რომელიც დუბრავკამ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი ზუსტად ფორსბერგმა გაიტანა და შვედები, რომელთაც პირველ მატჩში ესპანეთთან უგოლო ფრე ითამაშეს, 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.

უეფას ვერსიით განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ისაკი გახდა.

ხვალ, E ჯგუფში ესპანელები პოლონეთს დაუპირისპირდებიან.