„სიტი“ პსჟ-სთან წაუგებელია – მანჩესტერელები ინგლისურ კლუბებს შორის პირველობენ

0
11

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად პსჟ 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-15 წუთზე პსჟ-მ კუთხური ჩააწოდა და მარკინიოსმა თავით ანგარიში გახსნა. 64-ე წუთზე, კევინ დე ბრუინი პარტნიორის მიმართულებით პასს აკეთებდა, მაგრამ ბურთი კარის მიმართულებით წავიდა და მასპინძელთა გოლკიპერ კეილორ ნავასის უხეში შეცდომის მერე, საპასუხო გოლი გავიდა.

71-ე წუთზე რიად მაჰრეზის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ცოცხალ“ კედელში მდგომი კიმპემბე გაიწია და მანჩესტერელები დაწინაურდნენ.

საბოლოო ჯამში, შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და პსჟ-მ ბოლო 20 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაში პირველად წააგო მატჩი, რომლის პირველი ტაიმი მოიგო. პსჟ-ს მსგავსი რამ ბოლოს 2001 წელს დაემართა – პირველი 45 წუთი 2:0 მოიგო, ხოლო საბოლოოდ 3:4 დამარცხდა.

„სიტიმ“ ყველა ტურნირზე სტუმრად ზედიზედ მე-18 თამაში მოიგო – 46 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა. ბოლოს პეპ გვარდიოლას გუნდმა ქულები გასვლაზე 2020 წლის 12 დეკემბერს პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უგოლოდ დასრულებულ დაპირისპირებაში დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებს ჯერ პარიზელებთან არასოდეს წაუგიათ – 2 გამარჯვება და 2 ფრე.

გვარდიოლას შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს. 1969-1970 წლების შემდეგ „სიტი“ პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე ზედიზედ 6-ჯერ გაიმარჯვა. მაშინ, ეს „ლიდსმა“ მოახერხა, რომელიც ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საერთო ჯამში 10 შეხვედრა მოიგო. 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ტარდება, ასეთი რამ ვერცერთმა ინგლისურმა კლუბმა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ განვლილ 11 მატჩში მოპოვებული 10 გამარჯვების გარდა, მანჩესტერელებს ერთი ფრე აქვთ – „პორტუსთან“ (0:0).

შეხვედრის მეორე ნახევარში პარიზელებმა მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრეს. ბოლო 5 წლის მანძილზე ფრანგული კლუბისთვის ეს ყველაზე ცუდი შედეგია. სხვათა შორის, 2016 წელსაც პსჟ-მ ტაიმში ერთხელ კარში ასევე „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში დაარტყა.

პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თავის კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ სრულ თამაშში ბურთი კარის ჩარჩოში ვერცერთხელ მოარტყა.

პსჟ-ს ნახევარმცველი იდრისა გეიე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეშვიდე, ხოლო ბოლო 8 წელიწადში პირველი ფეხბურთელია, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში 2-ჯერ გააძევეს. ბოლოს მსგავსი რამ ალვარო არბელოას დაემართა 2012-2013 წლებში.

აღსანიშნავია, რომ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ერთი სეზონის განმავლობაში ერთსა და იმავე გუნდის მაისურით 2-ჯერ გააძევეს, გეიეს გარდა, იური კოვტუნი (1999-2000), ზინედინ ზიდანი (2000-2001) და ედგარ დავიდსი (2001-2002) არიან.

ნახევარფინალის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტი” პსჟ-ს ინგლისში 4 მაისს უმასპინძლებს.