თბილისის „დინამო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას 1/16-ფინალში გამოეთიშა.
დღეს, ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში „დინამომ“ ქობულეთის „შუქურასთან“ 0:1 წააგო.
„შუქურამ“ ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს და ნიკა ჭანტურიამ თავით შეუცვალა მიმართულება ბურთს, რომელსაც კარში ადგილი შალვა ექვთიმიშვილმა მიუჩინა.
73-ე წუთზე, ზურაბ მუსელიანი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი გიორგი ჩელებაძეს გაუკეთა, რომელიც დარტყმას აპირებდა, მაგრამ ანზორ მექვაბიშვილმა წააქცია.
მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ჩელებაძემ კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა და „შუქურას“ ფორვარდს ყვითელი ბარათი აჩვენა. გიორგი ყრუაშვილმა მიიჩნია, რომ ჩელებაძემ თერთმეტმეტრიანი წესის დარღვევით შეასრულა. კერძოდ, გამორბენის შემდეგ შეჩერდა და მხოლოდ ამის მერე დაარტყა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დინამომ“, 1/8-ფინალში ადგილი „შუქურას“ დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ „შუქურამ“ არსებობის ისტორიაში პირველად მოუგო „დინამოს“.
