ემერის მორიგი რეკორდი ევროპა ლიგაში

0
17

„ვილიარეალმა“ ევროპა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ზაგრების „დინამოს“ 2:1 აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, რადგან პირველი თამაში ხორვატიაში 1:0 მოიგო. მასპინძლებიდან თავი პაკო ალკასერმა (36) და ხერარდ მორენომ (43) გამოიჩინეს, ხოლო სტუმრებიდან – ორშიჩმა (74).

„ვილიარეალის“ თავკაცმა უნაი ემერიმ თავისი გაწვრთნილი გუნდები ევროპა ლიგის 1/2-ფინალში მეექვსედ გაიყვანა, რაც რეკორდია.

მან ამ ტურნირის 1/2-ფინალში პირველად 2012 წელს „ვალენსიასთან“ ერთად ითამაშა. შემდეგ 2014, 2015 და 2016 წლებში „სევილიას“ თავკაცის რანგში მიაღწია ევროპა ლიგის 1/2-ფინალის სტადიას, ხოლო 2019 წელს – „არსენალის“.  შეგახსენებთ, რომ ემერიმ „სევილიასთან“ ერთად ევროპა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, რაც მანამდე ვერცერთმა მწვრთნელმა შეძლო.

ლონდონის „არსენალმა“ 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად პრაღის „სლავია“ 4:0 დაამარცხა და გამომდინარე იქიდან, რომ პირველი თამაში 1:1 დასრულდა, 1/2-ფინალში გავიდა.

გუშინდელ შეხვედრაში ლონდონელებიდან ანგარიში მე-18 წუთზე ნიკოლა პეპემ გახსნა, 21-ე წუთზე თავკი ლაკაზეტმა გამოიჩინა, ხოლო 24-ეზე საკამ. 77-ე წუთზე ლაკაზეტმა თავი მეორედ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„არსენალი“ ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ევროპა ლიგის 1/2-ფინალში მესამედ გავიდა, მაგრამ ტიტული არასოდეს მოუგია.

ევროპა ლიგის 1/2-ფინალში 29 აპრილს „ვილიარეალი“ „არსენალს“ უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 6 მაისს ჩატარდება.