კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელი „დინამო“ მიიღო და 1:3 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა, ანგარიშის გახსნა როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს შეეძლოთ.
პირველად თავის გამოჩენის შანსი „დინამოს“ სერბ ფორვარდ ზორან მარუშიჩს ჰქონდა, რომელიც „ლოკომოტივის“ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია.
თევდორაძე „ლოკომოტივის“ კარში იმის გამო იდგა, რომ ძირითადი მეკარე მამარდაშვილი „დინამოს“ საკუთრებაა და გია ჭიაბრიშვილის გუნდში იჯარით გამოდის.
„ლოკომოტივიდან“ გოლის გატანა კახა კახაბრიშვილის შეეძლო, რომელიც „დინამოს“ მეკარესთან მარტო დარჩა და ოდანვ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ლუკა კუტალაძემ, რომელმაც სასტარტოში მეორე მატჩი ჩაატარა ხიფათი გაანეიტრალა.
„დინამო“ 74-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც მარჯვნიდან თორნიკე ახვლედიანის გადაცემის შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილმა „ლოკომოტივის“ საჯარიმოში ყველას დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა.
მე-80 წუთზე აბუაშვილმა მარცხენათი შორი მანძილიდან დაარტყა და თევდორაძემ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, მართალია „ლოკოს“ მეკარემ დამატებაზე ახვლედიანს არ გაატანინა, მაგრამ მარუშიჩთან ვერაფერი გააწყო – 0:2.
82-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან დავით კობოურმა მეტოქის საჯარიმოში მარუშიჩი მოძებნა, რომლის თავურის მერე ბურთი მასპინძელთა მარცხენა მცველ გიორგი ქველაძეს შეეხო და კარში ისე აღმოჩნდა – 0:3.
85-ე წუთზე, თემურ შონიამ საჯარიმოდან ძლიერად დაარტყა და კუტალაძეს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელსაც გურამ კაშიმ ადგილი კარში მიუჩინა. კაშიამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მესამე გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით, რომ გატანილი გოლის მერე, „დინამოს“ ფანებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ელიტას” უწოდებენ კაშიას, რომელსაც ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდში არაერთი სეზონი უთამაშია, უშვერი სიტყვებით აგინეს.
ხვალ, ეროვნულ ლიგაში 3 თამაში ჩატარდება – „შუქურა“ „თელავს“ მიიღებს, „სამგურალი“ „ტორპედოს“, ხოლო „დილა“ ბათუმის „დინამოს“.
