„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად დორტმუნდის „ბირუსია“ 2:1 დაამარცხა და ვინაიდან პირველი თამაში ანალოგიური ანგარიშით მოიგო, ტურნირის 1/2-ფინალში გავიდა.
გუშინ ჩატარებული შეხვედრის მე-15 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ჯუდი ბილინგემმა გახსნა. რიად მაჰრეზმა 55-ე წუთზე პენალტიდან თანაფარდობა აღადგინა, ხოლო 75-ე წუთზე სტუმრებს ისევე როგორც პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება ფილიპ ფოდენმა მოუტანა.
„სიტი“ პეპ გვარდიოლას მთავარი მწვრთნელობის პერიოდში ტურნირის 1/2-ფინალში პირველად გავიდა.
მანამდე, გუნდმა ამ სტადიაზე მხოლოდ ერთხელ 2016 წელს ითამაშა, როდესაც „ქალაქელებს“ მანუელ პელეგრინი ავარჯიშებდა. მაშინ, „სიტი“ 1/2-ფინალში „რეალთან“ დამარცხდა.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია – 9 გამარჯვება და 1 ფრე, ხოლო ბურთების შეფარდება 21:3-თან.
გვარდიოლა მწვრთნელის რანგში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/2-ფინალში მერვედ გავიდა. მან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს მიღწევა გაიმეორა, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემის“ თავკაცია.
გვარდიოლამ 1/2-ფინალს პირველად 2008-2009 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც „ბარსელონას“ უძვებოდა.
20 წლის ფოდენმა ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-20 გოლი გაიტანა, რაც 21 წლამდე ინგლისელ ფეხბურთელებს შორის რეკორდია. მანამდე, 5-5 გოლით საუკეთესო შედეგი ალან სმიტსა და ჯეიდონ სანჩოს ჰქონდათ.
“სიტი” 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება – პირველი თამაში პარიზში 28 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში 5 მაისს ჩატარდება.
