გერმანიის ეროვნული გუნდი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის J ჯგუფში შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გორან პანდევმა გახსნა. 63-ე წუთზე გიუნდოგანმა პენალტის ნიშნულიდან საპასუხო გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე მაკედონიელებს გამარჯვება ელმასმა მოუტანა.
გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამედ დამარცხდა. გერმანელებმა პირველი თამაში 1985 წელს პორტუგალიასთან 0:1 წააგეს, ხოლო 2001 წელს ინგლისთან – 1:5.
2001 წლის შემდეგ ბუნდესნაკრებმა მუნდიალების შესარჩევებში პირველი თამაში წააგო.
გარდა ამისა, მსოფლიო პირველობების შესარჩევებში გერმანელთა 18-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყდა. ამასთანავე, წაუგებელ მატჩთა სერია 35-ს შეადგენდა – 30 გამარჯვება და 5 ფრე.
