რუმინეთთან ხვალ გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ლევან მაისაშვილი: “მაყურებელი რაგბს ალამაზებს, განსაკუთრებით ისეთი მაყურებელი, როგორიც ჩვენ გვყავს. განებივრებულები ვართ მათი მხარდაჭერით და მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას.
გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, ასევე ტაქტიკურად და ტექნიკურად. ეს ბოლო კვირაა და ვიმუშავეთ იმ დეტალების სრულყოფაზე, რაც წინა თამაშებში არ გამოგვივიდა. ვისურვებდი, რომ ბიჭებმა შეძლონ ემოციისა მართვა და მეტი ყურადღება მიაქციონ შეტევების დაბოლოებას. სხვა მხრივ მზად ვართ და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, ლამაზი და სანახაობრივი თამაში გამოგვივა.
არსებულ მდგომარეობაში საუკეთესო შემადგენლობა გვყავს. დაგვაკლდებიან ტრავმირებული მოთამაშეები. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ბექა საღინაძე, რომელმაც წინა ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. პირველ ხაზში მუდმივად გვაქვს როტაცია. შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა გურამ გოგიჩაშვილი და დებიუტი ექნება ახალგაზრდა ბურჯ ნიკა აბულაძეს”.
შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 28 მარტს 15:00 საათზე, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება და მას გულშემატკივართა მესამედი დაესწრება.
