მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ბერგამოს „ატალანტა“ 3:1 დაამარცხა და 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ პირველად 1/4-ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი თამაში ესპანელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს.
მატჩის 34-ე წუთზე ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა, რომელმაც ზედიზედ 17 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესისა და „რეალის“ ლეგენდას რაულს გაუთანაბრდა.
გარდა ამისა, ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაში თავის ანგარიშზე 70-ე გოლი გაიტანა და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეხუთეა. ის ერთი ბურთი რაულს ჩამორჩება.
გათამაშების რეკორდსმენი 134 გოლით „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუა, ხოლო მეორე ადგილზე 120 გოლით მესია. მესამე პოზიციაზე 72 გოლით „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია.
„ატალანტას“ მეორე გოლი პენალტიდან მე-60 წუთზე სერხიო რამოსმა გაუტანა, ხოლო 83-ე წუთზე მურიელმა ანგარიში შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ რამოსმა ჩემპიონთა ლიგაში მე-15 გოლი გაიტანა. მცველებს შორის მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ “რეალის” ყოფილ მარცხენა მცველ ბრაზილიელ რობერტო კარლოსს აქვს – 16 გოლი.
84-ე წუთზე ასენსიომ სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
