მიხეილ მესხმა 1960 წელს საბჭოთა ნაკრებთან ერთად ევროპის თასი მოიგო, 1964 წელს ჩვენი “დინამოს” “ოქროს თაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქართულ ფეხბურთს პირველად მოუპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 33 საუკეთესოთა შორის პირველ ნომრად ექვსჯერ დაასახელეს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის სიყვარული, რომლითაც მეთერთმეტე ნომრიანი მაისურათი მოასპარეზე ფეხბურთელი ქართველ საზოგადოებაში დღემდე სარგებლობს. მან ხომ ათიათასობით გულშემატკივარს განაცდევინა ფეხბურთის ესთეტიკური სილამაზე.
მიხეილ მესხს თამაშის განუმეორებელი მანერა ჰქონდა. იგი აქცენტს ეფექტურ ასპარეზობაზე აკეთებდა და საფირმო ფინტების მეშვეობით შიშის ზარს სცემდა მეტოქეთა მცველებს. მიშა უსწრაფესი მოთამაშე გახლდათ და როდესაც სიჩქარეს აკრებდა, მის დაწევას ვერავინ ახერხებდა. თუმცა, ეფექტური თამაში დინამოელთა მარცხენაფლანგელის თვითმიზანი არ ყოფილა.
მიშა მესხის საგოლე გადაცემების შემდეგ ფორვარდებს მრავალი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანიათ. თუნდაც ევროპის 1960 წლის თასის ფინალი გავიხსენოთ – სსრკ-ის ნაკრების ცენტრფორვარდმა ვიკტორ პონედელნიკმა გადამწყვეტი ბურთი მესხის ფლანგური გარღვევისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ გაიტანა. უამრავი შედეგიანი პასის პარალელურად, მესხი ხშირად გოლის გატანას თავადაც ახერხებდა, რის დასტურადაც მხოლოდ საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში მიშას მიერ მოწინააღმდეგეთა კარში შეგდებული 54 ბურთიც გამოდგება. მესხი ერთი რეკორდის მფლობელიცაა. მან ლენინგრადის “ზენიტს” შვიდი წუთის განმავლობაში ჰეთ თრიკი შეუსრულა.
ჩვენ მიერ ნახსენებ გოლთაგან კი ყველაზე მნიშვნელოვანი 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტის “ოქროს მატჩში” მოსკოვის ტორპედოელთა კარში გატანილი ბურთია. იმ ეპიზოდში მიშას ავტორიტეტმა მცველს თავგზა აუბნია, დინამოელთა ფორვარდმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:1 გახადა, რითაც საკავშირო პირველობაში გამარჯვებულის ვინაობა დიდწილად გაარკვია.
მიშა მესხის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მსოფლიოს საფეხბურთო ცის კაბადონზე არაერთი უმაღლესი კლასის ვარსკვლავი გამოჩნდა, მაგრამ დრომ თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მარცხენაფლანგელის ელვარებას ვერაფერი დააკლო. ძველი თაობის ქომაგთა საყვარელი გუნდის მეთერთმეტე ნომერი იმ ახალგაზრდა თაობის გულშემატკივართა კერპიცაა, რომელთაც მესხის თამაში მხოლოდ კინოფირის მეშვეობით აქვთ ნანახი.
გოჩა კაჭარავა
