ბითაძის 7 ქულა და დაფარება ლებრონ ჯეიმსზე: ინდიანამ ლეიკერსიც დაამარცხა

0
38

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა, მისმა “ინდიანამ” კი 116:111 დაამარცხა ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი “ლეიკერსი”. ინდიანელთა გამარჯვებაში სოლიდური წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო, რომელმაც 12 წუთში 7 ქულა მოაგროვა.

ბითაძე სათადარიგო იყო და თამაშში პირველივე პერიოდში ჩაერთო, თუმცა იმ 3 წუთში, რაც მოედანზე გაატარა, გამორჩეული არ ყოფილა. მეორე პერიოდში კი გოგა აქტიურად დაბრუნდა მოედანზე და პირველივე ეპიზოდში ლებრონ ჯეიმსს დაუფარა, რის შემდეგაც მადა გაეხსნა და ზუსტ სამქულიანს (ოლადიპოს პასით)  ორიანიც მოაყოლა.

მთლიანობაში ბითაძემ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან ორივე ორიანი ჩააგდო. მატჩი ერთადერთი ტექნიკური დაფიქსირდა და ისიც ქართველის ანგარიშზეა. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, როცა ინდიანა 3 ქულით იგებდა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა.

ინდიანელთაგან საუკეთესო შედეგი ტიჯეი უორენმა დააფიქსირა – 39 ქულა. 24 ქულა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს, ხოლო 22 – ვიქტორ ოლადიპოს. ლოსანჯელესელთაგან 31 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი ლებრონ ჯეიმსმა მიითვალა. ენტონი დევისი მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა.

43 მოგებითა და 27 მოგებით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს. საკითხავი ისაა, ვინ იქნება მისი მეტოქე პირველ წრეში – მაიამი, ფილადელფია, თუ…

შემდეგ მატჩს ინდიანა კონკურენტ მაიამისთან 11 აგვისტოს გამართავს.

მატჩის შემდეგ ტელეკომპანია FOX-მა ბითაძეს პირდაპირ ეთერში კომენტარი ჩამოართვა:
“ეს არა მოულოდნელი, არამედ დამსახურებული და დიდი გამარჯვება იყო, რადგან ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს და ასეთი მოგებებები საჭიროა, რათა პლეი ოფში უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ…
ჩვენ გვაკლია რამდენიმე მოთამაშე. განსაკუთრებით დომანტას საბონისი, რომელიც ჩვენი გუნდის მართლაც დიდი ნაწილია. ამიტომაც ჩვენ მეტი მონდომება და ერთად დგომა გვმართებს, რათა გამარჯვებებს მივაღწიოთ და თქვენ ამას ალბათ ხედავთ, რომ მთელი გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული როგორც სათადარიგოთა სკამზე, ისე მოედანზე. ჩვენ მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და ამიტომაც ვიგებთ თამაშებს…
რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ტრავმის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ჩავდექი. ამ ეტაპზე ჩემი სხეული მწყობრშია და შემიძლია სრული დატვირთვით ვითამაშო, როცა კი გუნდს დასჭირდება”.