ინგლისის პრემიერლიგის მორიგ მატჩში გათამაშების ლიდერი „ლივერპული“ აუტსაიდერს, ლონდონის „ვესტ ჰემს“ მასპინძლობდა და 3:2 იმარჯვა. ეს იურგენ კლოპის გუნდის ზედიზედ მეთვრამეტე გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში და ამ მაჩვენებლით მერსისაიდელებმა „მანჩესტერ სიტის“ მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.
ამჟამად „წითლებს“ პრემიერლიგაში 44 წაუგებელი მატჩი დაუგროვდათ და „არსენალის“ რეკორდამდე ხუთი შეხვედრა დარჩათ. 2003-04 სეზონში „ლონდონელ მეთოფეებს“ 49-შეხვედრიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ.
მერსისაიდელებს საჩემპიონო ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად ოთხი მოგებაღა სჭირდებათ.