საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021-ს საკვალიფიკაციო ციკლში მეორე მატჩი ჩაატარა, ამჯერად ბელგრადში და E შესარჩევი ჯგუფის ფავორიტ სერბეთს 94:90 მოუგო.
სერბეთი, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი (სერბთა დამრიგებლის რანგში ბელგრადში სადებიუტო მატჩი ჰქონდა) ავარჯიშებს, სტუმართა დაჩაგვრას პრესინგით ცდილობდა, რასაც თავდაპირველად მათთვის სასურველი შედეგი მოჰქონდა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს 9 (!) დაკარგვა ჰქონდა.
მატჩის საწყის ნახევარშივე მეტოქის გაქცევის შეჩერება შევძელით, რაშიც დიდი როლი ესპანეთის ლიგაში მოთამაშ გიორგი შერმადინმა და თად მაკფადენმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა ყველა შეტევა ზუსტად დაასრულა და 10 ქულა მიითვალა, ჩვენი ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კი 11 ქულა ჩააგდო.
შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მოედანზე გაცილებით მობილიზებული გავიდა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო. სტუმრები ბურთს უფრო მეტად უფრთხილდებოდნენ, სერბებიც უფრო ანერვიულდნენ და ჩამორჩენამ შემცირება იწყო.
შეუჩერებელი იყო მაკფადენი, რომელმაც მესამე მეოთხედში მოპოვებულ ქულათა რაოდენობა 23-მდე აიყვანა. შედეგად, ერთ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებაც (65:65) კი მოხერხდა, ბოლო მეოთხედის წინ კი მხოლოდ ორ ქულას ვაგებდით.
საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ათწუთეულიც კარგად დაიწყო და საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე ანდრონიკაშვილის სწრაფი გარღვევის შემდეგ, პირველად დავწინაურდით. გუნდებმა პერსონალური ფოლების ლიმიტი სწრაფად ამოწურეს, ამდენად, კალათბურთელები საჯარიმო ხაზზე ხშირად დგებოდნენ.
დასკვნით ხუთ წუთში თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ძირითადად წინ იყო, სამქულიანების ხარჯზე საქართველო წამოწევას ახერხებდა. შორეული ტყორცნა ჯერ სანაძემ გამოიყენა, ბრწყინვალედ მოთამაშე მაკფადენის შორეული ტყორცნის შემდეგ კი ჩვენი გუნდი 92:90 დაწინაურდა.
სერბებს დასკვნითი შეტევა ჰქონდათ, რომელიც გაუცუდდათ, მაკფადენზე დაჯარიმდნენ და თადმაც ორი ზუსტი ჯარიმით ასპარეზობის საბოლოო ანგარიში გამოსახა ტაბლოზე – 90:94. შეხვედრის გმირი სწორედ მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, გიორგი შერმადინის აქტივში ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი – 23 ქულა და 11 მოხსნა იყო, ბურჯანაძემ კი 11 ქულას 8 მოხსნა წაამატა.
საქართველოს ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვება დააგროვა და E ჯგუფის სათავეში იმყოფება.
